X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ განცხადება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით

სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ განცხადება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით

ძებნა

სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ განცხადება მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით

31 მარტი 2019

სამწუხაროა, რომ ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში სულ უფრო მატულობს არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, რომლის მიზანი მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ეს თავის მხრივ, კიდევ უფრო ართულებს ანაკლიის ნავსადგურთან დაკავშირებული სპეციფიკური თემის სწორად გაგებას და მიმდინარე პროცესების ჯანსაღ ვითარებაში წარმართვას.  

გუშინ არაერთი მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად.

ხელშეკრულება, რომელზეც მედია საშუალებები მიუთითებდა არ წარმოადგენს საიდუმლო ხელშეკრულებას, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ. ეს ხელშეკრულება განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

ხელშეკრულება გაფორმებულია სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსა“ და ამერიკულ იურიდიულ კომპანია “White & Case”-ს შორის. ხელშეკრულების საგანია  სამართლებრივი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების პროცესში, რაც გულისხმობს:  საინვესტიციო ხელშეკრულებაში ბანკებისა და ინვესტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების სამართლებრივ შეფასებას, ხელშეკრულების ცვლილებების მომზადებას, კონსორციუმთან და ბანკებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას და დახმარებას მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე, რეკომენდაციების გაწევას მოლაპარაკებების პროცესში წამოჭრილ  საკითხებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების ძირითად საგანთან ერთად გათვალისწინებულია დამატებითი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც, რომელიც ეხება ხელშეკრულების შეწყვეტის იურიდიული შედეგების განსაზღვრას. 

ნებისმიერ საქმიან ურთიერთბაში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანისათვის ბუნებრივია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს სურს იცოდეს ის რისკები და შედეგები, რომლებიც შეიძლება დაუდგეს იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო ხელშეკრულების ბოლო ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში (1 ივლისისათვის) კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის შევსებას, ბანკებისგან დაფინანსების მოპოვებას, პორტის მშენებლობის დაწყებას და რის გამოც დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეწყვეტის პროცედურების ამოქმედების საკითხი. ასეთი ოფციის გათვალისწინება ხელშეკრულებაში ბუნებრივია მითუმეტეს მაშინ, როდესაც  კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არ მალავს, რომ აპირებს სამართლებრივ დავას საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. 

შესაბამისად, საჯარო ხელშეკრულების საიდუმლოდ გამოცხადება და აქცენტის გაკეთება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ ნაწილზე არის მედია საშუალებების მხრიდან ფაქტის დამახინჯების და პარარელური რეალობის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა.  ხელშეკრულება საჯაროა და საჯაროა მისი საგანიც, უფლება-მოვალეობებიც და ღირებულებაც. ხელშეკრულების მოპოვება არ წარმოადგენს სირთულეს და თემით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მარტივად და პირდად შეაფასონ არსებული რეალობა. 

ამასთან, სწორედ ის, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებებზე მოლაპარაკების პროცესში სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად გაფორმდა ხელშეკრულება ცნობილ და გამოცდილ იურიდიულ კომპანიასთან, ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფო აგრძელებს მოლაპარაკებებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. კვალიფიციური საერთაშორისო კომპანია კი სჭირდება მოლაპარაკების პროცესის სწორად წარმართვისთვის. 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ სახელმწიფო არ ეძებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის ალტერნატიულ კომპანიას, აგრძელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებებს და ელოდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს, რომელიც გაიმართება აპრილში.  

ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის სპეციფიკურ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისათვის სწორად მიწოდება განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა ამ თემის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის  შეგნებულად გავრცელებით შექმნილი აჟიოტაჟი კი აზიანებს იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც მიმდინარეობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ და სახელმწიფოს შორის.